ჩინეთში ახალი კორონავირუსი შეიძლება იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ხელისუფლება აღიარებს
მეცნიერთა აზრით, ჩინეთში გამოჩენილი მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი ვირუსის გავრცელების ნამდვილი მასშტაბი შესაძლოა, იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები მიუთითებს.
არსებობს საშიშროება, რომ ვირუსის გავრცელება გაიზრდება, რადგან ახლოვდება ჩინური ახალი წელი, როდესაც მილიონობით ჩინელი აქტიურად გადაადგილდება ქვეყნის მასშტაბით, მრავალი ადამიანი ნათესავებთან საზღვარგარეთიდან ჩადის, მრავალიც პირიქით, მიემგზავრება.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ვირუსით დაიღუპა ორი ადამიანი, დაინფიცირებულია სულ მცირე 45 პირი. გავრცელების ცენტრია ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია; ეს 11-მილიონიანი ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გლობალური ინფექციური დაავადებების ანალიზის ცენტრის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ვირუსის შემთხვევების ციფრი ქალაქში სავარაუდოდ 1700-ია.
მკვლევართა განცხადებით, მათი შეფასება დიდწილად ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შემთხვევები დაფიქსირდა ზღვის გადაღმაც — ორი ტაილანდში და ერთი იაპონიაში.
ვირუსი, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც გადამდებია, საკმაოდ საგანგაშოდ იქცა, რადგან კავშირი აქვს მწვავე რესპირატორულ სინდრომთან, რომელმაც 2002-2003 წლებში კონტინენტურ ჩინეთში 650 ადამიანი იმსხვერპლა.
სამოგზაურო შეზღუდვები ჩინეთს ჯერ არ შემოუღია, მაგრამ შემოწმება უკვე დაიწყო ჰონგ-კონგმა — ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებს გამშვებ პუნქტებზე უმოწმებენ ტემპერატურას.
აშშ-ის განცხადებით, სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის კენედის აეროპორტში დაიწყებენ უხანიდან ჩამოსულ მგზავრთა შემოწმებას.
ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ როგორც უხანის ჯანმრთელობის კომისია აღნიშნავს, ამის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმების განცხადებით, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტები დაფიქსირდება ერთმანეთთან ახლო კავშირში მყოფ პირებს შორის.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მოხსენების ერთ-ერთი ავტორის, ნილ ფერგიუსონის განცხადებით, უხანიდან სხვა ქვეყნებში სამი შემთხვევის გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქალაქში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ოფიციალურად აღრიცხულზე გაცილებით მაღალია.
ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა მეორე ფატალური შემთხვევა, როცა დაიღუპა 69 წლის კაცი; მიზეზი გახდა ტუბერკულოზი და რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევა.
ფატალური შემთხვევების გახმაურების შემდეგ, უხანის კორონავირუსის შესახებ ჩინეთში აგორდა ონლაინ-დისკუსია; მომხმარებლები განიხილავდნენ, რამდენ ინფორმაციას შეიძლება მალავდეს ხელისუფლება.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.