ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ში ჩინელ ჟურნალისტებზე ვიზის გაცემის პროცედურის გართულებას საპასუხო რეაქცია ექნება
ჩინეთი აშშ-ს ჩინელ ჟურნალისტებზე ვიზის გაცემის პროცედურის გართულებასთან დაკავშირებით საპასუხო რეაქციის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გენ შუანმა ყოველდღიური ბრიფინგისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი გმობს აშშ-ს გადაწყვეტილებას და აფასებს როგორც ჩინურ მედიაზე ზეწოლის ესკლაციას.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ამით უკმაყოფილოები ვართ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აშშ-მა სასწრაფოდ გამოასწოროს თავისი შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთს არ ექნება სხვა გამოსავალი გარდა საპასუხო ზომებისა“, – განაცხადა სპიკერმა.
ჩინეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოება მედიასა და ჟურნალისტებთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მარტში ჩინეთმა ქვეყნიდან გააძევა რამდენიმე ამერიკელი ჟურნალისტი, კერძოდ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ორი რეპორტიორი, რომლებმაც ჩინეთი „აზიის ნამდვილ ავადმყოფ კაცად“ მოიხსენიეს.
„ახლა ამერიკა ვიზაზე დაწესებულ შეზღუდვებს დისკიმინიაციისთვის იყენებს, რაც ძლიერ აზიანებს ჩინელი ჟურნალისტების შესაძლებლობას, ამერიკიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა, რაც თავის მხრივ ხალხებს შორის ურთიერთობას აზიანებს“, – განაცხადა საგარეო სამინისტროს სპიკერმა.