ჩინეთმა საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით ავტოტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა დაიწყო
ისტორიაში პირველად, ჩინეთმა საქართველოს გავლით ავტოტრანსპორტით ტვირთის ევროპის მიმართულებით გადაზიდვა დაიწყო.
ყაზახეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სრულდება პირველი საცდელი ავტოგადაზიდვა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით.
ყაზახეთ-ჩინეთის საავტომობილო ტრანსპორტის კომისიის სხდომის ფარგლებში, პირველი სამი ჩინური სატვირთო მანქანა, რომელიც 80 ტონას იწონის, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან გაემგზავრა, გაიარა სატრანზიტო მარშრუტზე და მიმდინარე წლის 23 მაისს ავიდა ბორანზე ქალაქ აქტაუს კურიკის პორტში. სატვირთო ავტომობილები გააგრძელებენ მოძრაობას ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე.
ყაზახეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დღეს ასობით მილიონი ტონა ტვირთი ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს მიეწოდება საზღვაო გზით 52 დღეში, ტვირთის უფრო მცირე მოცულობა მიდის რკინიგზით – 22 დღემდე, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია შეამციროს ეს დრო 12 დღემდე ტვირთის „კარდაკარ“ მიწოდებით შუალედური დატვირთვა/გადმოტვირთვის გარეშე.
ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, გარდა ამისა, ყაზახეთის და ჩინეთის სატრანსპორტო დეპარტამენტებმა განიხილეს ნებართვების ფორმების დამატებითი გაცვლის საკითხები 2024 და 2025 წლებში. ნებართვის ფორმების რაოდენობა 2024 წლისთვის იყო 120 000 ერთეული. მომავალ წელს იგეგმება ამ პროცესის დიგიტალიზაცია და ელექტრონულ სანებართვო ფორმებზე გადასვლა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სანებართვო ფორმები გაიცემა შეუზღუდავი რაოდენობით.