ჩინეთმა პანგოლინი ტრადიციული მედიცინის სიიდან საბოლოოდ ამოიღო
ჩინეთმა პანგოლინი ტრადიციული მედიცინის სიიდან საბოლოოდ ამოიღო

ტრადიციული მედიცინის სიიდან ჩინეთმა პანგოლინის ორგანოები ბოლოსდაბოლოს ამოიღო და საფრთხის ქვეშ მყოფი ამ ცხოველის დაცვა საკანონმდებლო დონეზე გააძლიერა.

ჩინური გამოცემა Health Times-ის ცნობით, პანგოლინებთან ერთად, ოფიციალური ჩინური ფარმაკოპეიდან ასევე ამოიღეს სხვადასხვა ნივთიერებები, მაგალითად, ღამურის ფეკალიებისგან დამზადებული აბები.

მეცნიერთა ნაწილის აზრით პანგოლინი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში არალეგალური ვაჭრობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ძუძუმწოვარია, ახალი კორონავირუსის შუამავალი მასპინძელია ღამურებსა და ადამიანებს შორის.

პანგოლინის სხეულის ნაწილები შავ ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს, რადგან აქტიურად გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მეცნიერებაში, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა განცხადებით, მას არანაირი სამკურნალო ღირებულება არ აქვს.

საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსის გამო, ჩინეთის სატყეო სამმართველომ რამდენიმე დღის წინ პანგოლინს ქვეყანაში დაცვის უმაღლესი დონე მიანიჭა.

Health Times-ის ცნობით, „გამოლეული ველური რესურსები“ ფარმაკოპეიდან ამოიღეს, მაგრამ ამ სიიდან პანგოლინების ამოღების ზუსტ მიზეზს არ ასახელებს.

რამდენიმე თვის წინ, ჩინეთმა ველური ცხოველების საკვებად გაყიდვა აკრძალა და ამის მიზეზად ადამიანებში დაავადებათა გავრცელების რისკი დაასახელა. თუმცა, ვაჭრობა ნებადართული რჩებოდა სხვა მიზნებისთვის, მათ შორის კვლევისა და ტრადიციული ჩინური მედიცინისთვის.

ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) ჩინეთის მხრიდან პანგოლინების დასაცავად გადადგმულ ამ ნაბიჯს მიესალმება და აღნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი ეს ცხოველები არალეგალური ვაჭრობისგან საბოლოოდ „მოითქვამენ სულს“.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.