ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას სანქციები დაუწესა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ. ჩინეთმა ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და მათი ქონება დააყადაღა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
პეკინმა შეზღუდვები დაუწესა General Atomics Aeronautical Systems-ს, რომელიც უპილოტო საავიაციო სისტემებს აწარმოებს, და General Dynamics Land Systems-ს, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა არის სერიოზული ჩარევა მათ საშინაო საქმეებში და ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„აშშ-ის მიერ ჩინეთის ტაივანის რეგიონისთვის იარაღის მიყიდვის გაგრძელება არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკეს სერიოზული დარღვევა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.