ჩინეთმა GPS-ის მსგავსი საკუთარი სისტემის ბოლო თანამგზავრი გაუშვა და ქსელის აწყობა დაასრულა
ჩინეთმა GPS-ის მსგავსი საკუთარი სისტემის ბოლო თანამგზავრი გაუშვა და ქსელის აწყობა დაასრულა

ჩინეთმა წარმატებით გაუშვა Beidou-ს თანამგზავრთა თანავარსკვლავედის უკანასკნელი წევრი, რითაც დაასრულა ათეულობით წლის წინ დაწყებული ახალი გლობალური სანავიგაციო სისტემის აწყობა.

Beidou-ს უკანასკნელი სანავიგაციო თანამგზავრი (BDS) ორბიტაზე რაკეტა Long March 3B-მა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთიდან, სიჩანგის თანამგზავრთა გაშვების ცენტრიდან წაიღო.

როგორც წესი, ჩინეთი გაშვების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ ასაჯაროებს, რაც თანამგზავრი წარმატებით გავა ორბიტაზე. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა Beidou-ს თანამგზავრის გაშვება წინასწარ იყო დაანონსებული.

Beidou-ს თანამგზავრების სისტემის შექმნა ჩინეთმა 1990-იან წლებში დაიწყო, პირველი თანამგზავრი კი 2000 წლის ოქტომბერში გაუშვა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, სისტემის განახლების ხანგრძლივი პროცესი 2009 წელს დაიწყო. უახლესი წყება, სახელად BDS-3, შედგება 30 თანამგზავრისგან, რომლებსაც მაღალი სიზუსტის პოზიციონირებასა და მოკლეტალღურ კომუნიკაციებში გამოიყენებენ. BDS-3-ის ქსელის 29 თანამგზავრი უკვე ორბიტაზეა.

ჩინური გამოცემა Global Times-ის ცნობით, BDS-3 სისტემის თანამგზავრებს აქვთ უფრო მაღალი გამტარიანობა, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ საკომუნიკაციო შესაძლებლობებსა და სიზუსტეს; ატომური საათი აუმჯობესებს დროის სიზუსტესა და სანავიგაციო სერვისებს. სისტემამ ოპერირება 2018 წელს დაიწყო, მაგრამ ბოლო თანამგზავრი გააუმჯობესებს სიგნალის სიძლიერეს და დაფარვის ზონას მომხმარებელთათვის მთელ მსოფლიოში.

BDS-3 და მისი მსგავსი სანავიგაციო თანამგზავრების სიგნალებს იჭერს სმარტფონებისა მიმღებები და GPS-ით აღჭურვილი სხვა მოწყობილობები. თანამგზავრული სიგნალი შეიცავს ინფორმაციას შეტყობინების გაგზავნის დროისა და თანამგზავრის ორბიტული პოზიციის შესახებ. ნავიგაცია შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ზუსტ ინფორმაციას იღებს სულ მცირე ოთხი თანამგზავრიდან.

ჩინეთის BDS-3 ქსელის დასრულების პარალელურად, აშშ მუშაობს საკუთარი გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) მოდერნიზებაზე. GPS III-ის ქსელის შემდეგი თანამგზავრი 30 ივნისს გაეშვება. ქსელის განახლება 2023 წელს დასრულდება.

გარდა ამისა, მსოფლიოში ოპერირებს ორი სხვა გლობალური სანავიგაციო სისტემაც. რუსეთს აქვს საკუთარი სანავიგაციო თანამგზავრების სისტემა — Glonass-M-ი, რომლებსაც სამხედრო დანიშნულება აქვთ. 2016 წელს მოქმედება დაიწყო ევროპის სისტემა Galileo-მაც, რომლის უკანასკნელი თანამგზავრიც 2020 წელს გაეშვება.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში ჩინეთმა ორი კოსმოსური გაშვება განახორციელა.

17 ივნისს, ქვეყანამ გობის უდაბნოდან გაუშვა და ორბიტაზე გაიტანა დედამიწაზე დაკვირვების მესამე თანამგზავრი Gaofen-9.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.