ჩინეთმა ბელარუსს 500 მილიონი დოლარის ოდენობით კრედიტი გამოუყო. როგორც ბელარუსის ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეთანხმების მიხედვით, კრედიტს ჩინეთის განვითარების ბანკის შანხაის ფილიალი გამოყოფს.
ბელარუსში აცხადებენ, რომ კრედიტს კონკრეტული მიზნობრიობა არ გააჩნია და ნებისმიერი ზოგადი მიზნით შეიძლება დაიხარჯოს, მათ შორის სახელმწიფო ვალის დასაფარად.
მინსკში ჩინეთთან მიღწეულ შეთანხმებას „უპრეცედენტო“ უწოდეს.
ბელარუსის პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ჩინეთისგან მიღებული კრედიტის ვადა ხუთი წელია.
აღსანიშნავია, რომ პეკინსა და მინსკს შორი საფინანსო შეთანხმება იმ ფონზე გაფორმდა, როდესაც მოსკოვთან ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. ამასთან, რუსეთი ბელარუსის უმსხვილეს კრედიტორად რჩება, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ „ქვეყნის სუვერენიტეტს ეკონომიკური სარგებლის გამო არ დათმობს“.
ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის უკანასკნელი მოლაპარაკებები, 7 დეკემბერს, სოჭში, უშედეგოდ დასრულდა.