ჩინეთმა 128 დასახელების ამერიკულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე ტარიფები გაზარდა
ჩინეთმა 128 დასახელების ამერიკულ იმპორტულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოსა და ღორის ხორცზე ტარიფები 25 პროცენტით გაზარდა. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ მარტის თვეში ლითონის იმპორტზე გაზრდილ ფასებს მოჰყვა.
პეკინის განცხადებით, ცვლილება ჩინეთის ინტერესების დაზღვევასა და ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება იმ დანაკარგების გამო, რაც ამერიკულმა ტარიფებმა ქვეყანას მოუტანა.
მანამდე ჩინეთი აცხადებდა, რომ სავაჭრო ომის წინააღმდეგი იყო, თუმცა თუ ქვეყნის ეკონომიკას ზიანი მიადგებოდა, გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებდა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ „სავაჭრო ომები კარგია და აშშ-ისთვის ამ ომებში გამარჯვება მარტივია“.
ჩინეთის წინააღმდეგ კომპლექსური სანქციების შესახებ ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი 23 მარტს მოაწერა.
ზომებს შორისაა როგორც გაზრდილი ტარიფები, ასევე დამატებითი ზომები. ამერიკული მედიის ცნობით, საქმე ეხება 30-დან 60 მილიარდამდე მოცულობის ტარიფებზე ცვლილებას, ასევე აკრძალვებს, რაც ინვესტიციებს შეუშლის ხელს.
ამის მიზეზად ჩინეთის მიერ აშშ-იდან ინტელექტუალური საკუთრების მითვისებისა და გაცემისთვის ხელშეწყობა სახელდება.
თეთრი სახლის განცხადებით, სანქციების დაწესების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მოლაპარაკებებმა ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.
ასევე, დონალდ ტრამპის განმარტებით, მან პეკინისგან სავაჭრო დეფიციტის 100 მილიარდი დოლარით შემცირება მოითხოვა, რასაც ის ორმხრივ ვაჭრობაში მთავარ პრობლემად მიიჩნევს.
დონალდ ტრამპმა სავაჭრო საკითხებში წარმომადგენელ რობერტ ლაითჰაიზერს ჩინური საქონელის სიის შედგენა დაავალა, რომლებზეც ტარიფები დაწესდება. ლაითჰაიზერმა კი კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ „მაქსიმალურ ზეწოლას მოახდენს ჩინეთზე, რომ ეს მინიმალურად აისახოს ამერიკელ მომხმარებლებზე“.
მისივე თქმით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა უმნიშვნელოვანესია აშშ-ის ეკონომიკისთვის.