ჩინეთის უცხოური ინვესტიციები ყველაზე აქტიური ევროპაშია
ჩინეთის უცხოური ინვესტიციები ყველაზე აქტიური ევროპაშია

ჩინეთის ინვესტიციების მოცულობა ევროპაში ბოლო ათი წლის მანძილზე 318 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. საანგარიშო პერიოდში ჩინეთმა ევროპაში 45 პროცენტით მეტი საინვესტიციო აქტივობა განახორციელა ვიდრე შეერთებულ შტატებში. ასეთ დასკვნამდე სააგენტო „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსები აუდიტორული ანალიზის შედეგად მივიდნენ.

ბლუმბერგის ანალიტიკოსების აუდიტი ევროპის 30 ქვეყანაში განხორციელებულ 678 ბიზნეს-გარიგებას ეყრდნობა. აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ჩინური სახელმწიფო და კერძო კომპანიები ევროპაში ძირითადად მსხვილ გარიგებებში შედიან, რომელთა მოცულობაც სულ მცირე 255 მილიარდი აშშ დოლარია.
აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ჩინური ინვესტიციები ევროპაში მრავალპროფილიანია და მოიცავს უამრავ სფეროს ინფრასტრუქტურიდან დაწყებული წარმოებისა და მაღალი ტექნოლოგიების ჩათვლით.

ჩინელი ინვესტორების სრულ მფლობელობაში დაახლოებით 360 ევროპული კომპანია გადავიდა მათ შორის საბურავების მწარმოებელი ცნობილი იტალიური ბრენდი Pirelli & C. SpA. ჩინელი ინვესტორები ნაწილობრივ და სრულად ფლობენ მინიმუმ ოთხ ევროპულ აეროპორტს, ექვს საზღვაო პორტს, ქარის ელექტროსადგურებს მინიმუმ ცხრა ქვეყანაში და 13 საფეხბურთო გუნდს.

ჩინელი ინვესტორები ყველაზე აქტიური ბრიტანეთის დედაქალაქში არიან, სადაც ოცამდე საოფისე ცათამბჯენს ფლობენ. 2008 წლიდან 2014 წლამდე ჩინელები ევროპაში წლიურად 20 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში ან ნაკლებ ინვესტიციას დებდნენ, 2014 წლის შემდეგ კი წლიური საინვესტიციო მოცულობა 20 მილიარდს აჭარბებს.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად ვრცელი კვლევისა, აუდიტი არ მოიცავს ინფორმაციას კომპანიათა 355 შერწყმის გარიგებაზე, რომელთა დეტალები გახსნილი არ არის.

ჩ​ინური ინვესტიციების მოცულობა და სამიზნე სექტორების მრავალფეროვნება ევროპაში იმდენად გაიზარდა, რომ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების შეშფოთებას იწვევს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკვე მოუწოდებენ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებს, ევროპაში ჩინური ინვესტიციების ექსპანსიას ერთიანი სტრატეგიით გაუმკლავდნენ