ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ის მიერ ტაივანისათვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, ასეთი ქცევა ძალიან არასწორ გზავნილებს აძლევს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ტაივანის ჩინეთთან მშვიდობიანი გზით გაერთიანების პერსპექტივას სეპარატისტები და გარე ძალები უთხრიან ძირს. ეს განცხადება დონ ჯუნმა სინგაპურში „შანგრი-ლას დიალოგის“ სახელით ცნობილ უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ტაივანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კანონის მიხედვით, წარმოადგენს ჩინეთის შიდა საქმეს და გარე ძალებს არ აქვთ ჩარევის უფლება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი გაერთიანების ერთგულები, მაგრამ ამ პერსპექტივას ძირს უთხრიან ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ელემენტები და გარე ძალები. ეროვნული განხეთქილების საფრთხე მუდამ არსებობს“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.
ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის მიერ ტაივანისათვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.
„ასეთი ქცევა ძალიან არასწორ გზავნილებს აძლევს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და მათ უფრო აგრესიულს ხდის. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ უცხოეთის ძალების ნამდვილი ამოცანაა, გამოიყენონ ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად“, – განაცხადა დონ ჯუნმა.
ამავე გამოსვლაში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში შემავალ სახელმწიფოთა ნაწილს საკუთარი ვალდებულებების დარღვევაში დასდო ბრალი.
„კონკრეტული ქვეყნები გარე ძალების წაქეზებით გავიდნენ ორმხრივი შეთანხმებებიდან, დაარღვიეს საკუთარი ვალდებულებები, განზრახ გააღვივეს პრობლემები, ქმნიდნენ ილუზიებს, რათა შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება და ასევე ახდენდნენ რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესების იგნორირებას. მათ დაარღვიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანათა ასოციაციის წესდების ორი მუხლი, თანამშრომლობდნენ გარე ძალებთან, რათა რეგიონში სტრატეგიული რაკეტები განელაგებინათ, ამან კი სერიოზულად გამოუთხარა ძირი რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასეთ ქმედებები საბოლოოდ იქნება კონტრპროდუქტიული“,- განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჩინეთისა და აშშ-ის სამხედროების ურთიერთობების სტაბილურობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის.
„ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული და მკაფიოა. ჩვენ ღია ვართ აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს მოითხოვს ძალისხმევას ორივე მხრიდან. ჩვენი აზრით, ეს იმიტომაა ასე, რომ ორი ქვეყნის სამხედროებს აქვთ განსხვავებები, არსებობს უფრო მეტი კომუნიკაციის საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვითარების სხვადასხვა გზა გვაქვს, ჩვენ არ უნდა მივისწრაფოდეთ ერთმანეთთან კონფრონტაციისკენ. აშშ-ის და ჩინეთის სამხედროებმა უნდა დააფასონ მშვიდობა, დაიცვან სტაბილურობა, იმოქმედონ კეთილსინდისიერად და იპოვონ სწორი გზა ერთმანეთის გასაგებად. ეს უფრო მეტ სანდოობას გააჩენს სამყაროში, ჩვენს ქვეყნებში და რეგიონშიც“, – განაცხადა დონ ჯუნმა.