ჩინეთის საგარეო უწყება - სერიოზულად ვართ შეშფოთებული ცნობით, რომ აშშ-მა დაამტკიცა ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ჩინეთის ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზე
ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია ცნობით, რომლის თანახმადაც, აშშ-მა დაამტკიცა ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ჩინეთის მიერ ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზე. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„აშშ ავრცელებს ჩინეთის ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს, რითიც ეძებს საბაბს სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა გასაიდუმლოებული ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჩინეთის სწრაფად მზარდ არსენალზე და ითვალისწინებს აშშ-ის მომზადებას ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული გამოწვევებისთვის.
„ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული შესაბამისი ცნობებით და ფაქტებმა სრულად დაადასტურა, რომ აშშ ბოლო წლებში მუდმივად აღვივებს ე.წ. ჩინეთის ბირთვული საფრთხის თეორიას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე.
თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ წელს დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა არ არის პასუხი რომელიმე ქვეყანაზე ან საფრთხეზე.