ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე
ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე, – ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს „სინჰუას“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.
ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს აშშ-ს, შეაჩეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც პეკინის აზრით, მხოლოდ აზარალებს გლობალურ ეკონომიკას.
„ისტორიამ და რეალობამ ნათლად ჩვენა, რომ სანქციები არ უზრუნველყოფს მშვიდობას და უსაფრთხოებას, მხოლოდ ყველასთვის წამგებიან ვითარებას ქმნის და უფრო მეტად აისახება ისედაც დასუსტებულ მსოფლიო ეკონომიკაზე და არსებულ გლობალურ ეკონომიკურ სისტემაზე. აშშ თუ სერიოზულად უდგება უკრაინაში ვითარების შემსუბუქებას, მან უნდა შეწყვიტოს ცეცხლში ნავთის დამატება, შეწყვიტოს სანქციების დაწესება, შეწყვიტოს იძულების სიტყვები, მოქმედებები და აიღოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობის ვალდებულება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გამოეხმაურნენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს, თუმცა რუსეთის ძალები არ დაუდანაშაულებია.
„ქალაქ ბუჩაში გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ცნობები და სურათები ღრმად შემაშფოთებელია. ინციდენტის შესახებ სიმართლე და წარმომავლობა უნდა იყოს გულდამსით გამოძიებული. ჰუმანიტარული საკითხები არ უნდა იყოს პოლარიზებული. ყველა ბრალდება ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს. გამოძიების დასკვნამდე მისვლამდე, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და თავი აარიდოს უსაფუძვლო ბრალდებებს“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ბუჩადან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 4 აპრილს იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ბუჩაში აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ჯერ არ არის შემოწმებული ყველა სახლის სარდაფი და ეზო. მსხვერპლთა ნაწილს სასტიკი წამების კვალი აღენიშნება, ზოგიერთ მოკლულ ადამიანს ხელები აქვს შეკრული.