ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირი-ჩინეთის სამიტზე ევროკავშირთან ურთიერთობებს გავაძლიერებთ
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის განცხადებით, ევროკავშირი-ჩინეთის სამიტზე ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩინეთი იმედოვნებს, რომ მომავალ სამიტზე გააძლიერებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, რთული სიტუაციებისა და მძიმე გამოწვევების წინაშე პრაგმატულ თანამშრომლობაზე მტკიცე ფოკუსირებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ.
პეკინში ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვანგ იმ აღნიშნა, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პერსპექტივიდან უნდა განიხილონ. მისივე თქმით, ევროპის მიმართ ჩინეთის პოლიტიკა სტაბილური რჩება.
„ჩინეთს და ევროკავშირს არ აქვთ სრულიად ერთნაირი თვალსაზრისი საერთაშორისო, რეგიონულ საკითხებზე და მხოლოდ კომუნიკაციის, კოორდინაციის დაცვით შეგვიძლია კონსტრუქციული როლის შესრულება მსოფლიო მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებასა და გლობალური გამოწვევების გადაჭრაში“, – განაცხადა ვანგ იმ.
ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ჩინეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის, განავითაროს კონსტრუქციული, სტაბილური ურთიერთობები და შეინარჩუნოს ურთიერთპატივისცემა, დიალოგი ჩინეთთან.
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 7-8 დეკემბერს ევროკავშირი-ჩინეთის 24-ე სამიტი გაიმართება.