ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს და მიიღოს პრაქტიკული, ეფექტური ზომები ღაზის ტრაგედიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს და მიიღოს პრაქტიკული და ეფექტური ზომები ღაზის ტრაგედიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ პეკინში არაბული და მუსლიმური ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პეკინი მუშაობს კონფლიქტის დეესკალაციისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენციისთვის.
„ჩვენი მოწოდებაა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე დაბრუნება და პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მოგვარების რეალიზაცია. 11 ნოემბერს ისლამურმა არაბულმა ქვეყნებმა მოიწვიეს ერთობლივი რიგგარეშე სამიტი პალესტინა-ისრაელის სიტუაციის შესახებ მკაფიო და ძლიერი საერთო განცხადების გასაკეთებლად და მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებას. ჩინეთი სრულად უჭერს მხარს ამას. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად არაბულ და ისლამურ ქვეყნებში, რათა უზრუნველვყოთ შეუწყვეტელი ძალისხმევა ღაზაში ბრძოლების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასასრულებლად, ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისთვის და პალესტინის საკითხის ადრეული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.