ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს მალტაზე შეხვდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს მალტაზე შეხვდა. როგორც „სიენენი“ წერს, ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ორი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან.
მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებს შორის „გულწრფელი, არსებითი და კონსტრუქციული“ დიალოგი შედგა.
აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ მხარეები შეთანხმდნენ „მნიშვნელოვან სფეროებში დამატებით კონსულტაციებსა და თანამშრომლობაზე, მათ შორის მაღალ დონეზე“.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შესაძლო შეხვედრის შესახებ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრა მალე შედგება.
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის ნოემბერში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვი ჩინეთის მთავარ დიპლომატს შეხვდება. მათივე ცნობით, განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება.