ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პალესტინის საკითხი შეიძლება, სამართლიანად და სრულყოფილად გადაწყდეს ორი სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“, – უთხრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელელ კოლეგას.
ვანგ იმ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა როგორც ისრაელს, ასევე პალესტინას, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შეძლონ მშვიდობიანი თანაცხოვრება.
„ჩინეთს არ აქვს ეგოისტური ინტერესები პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პალესტინის საკითხი შეიძლება, სამართლიანად და სრულყოფილად გადაწყდეს ორი სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე“, – ამბობს ვანგ ი.