ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს, შეცვალოს პოლიტიკა ჩინეთის მიმართ
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი აშშ-ს მოუწოდებს, შეცვალოს პოლიტიკა ჩინეთის მიმართ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცინ განმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია დიალოგი.
ცინ განის განცხადებით, აშშ ჩინეთის მიმართ დამოკიდებულებას თუ არ შეცვლის და გააგრძელებს გზას არასწორი მიმართულებით, მაშინ ამას კონფლიქტი და კონფრონტაცია მოჰყვება.
„აშშ-ის აღქმა და შეხედულება ჩინეთზე დამახინჯებულია. ისინი ჩინეთს მთავარ მეტოქედ და გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევენ“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას ჩინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ომის ესკალაციას ბიძგს აძლევს „უხილავი ხელი“. ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა. ცინ განმა ასევე განაცხადა, რომ პეკინმა აუცილებლად უნდა განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან მაშინ, როდესაც მსოფლიო უფრო ტურბულენტური ხდება.
აშშ-სა და ჩინეთს შორის ბოლო წლებში ურთიერთობები დაძაბულია. დავის საგანს წარმოადგენს როგორც ტაივანის საკითხი, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები. ამას დაემატა თებერვალში აშშ-ის მიერ საკუთარ საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ჩინური სადაზვერვო ბურთების გარშემო აგორებული სკანდალი, რის გამოც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პეკინში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.