ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ს ჩინეთის შესახებ არასწორი აღქმა აქვს
აშშ-ს ჩინეთის შესახებ არასწორი აღქმა აქვს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ ჯერ კიდევ არ ასრულებს თავის დაპირებებს, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გასული წლის ნოემბერში ერთმანეთს შეხვდნენ.
„უნდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის მხარის მცდარი აღქმა ჩინეთის შესახებ გრძელდება და მის მიერ მიცემული დაპირებები ნამდვილად არ შესრულებულა. მუდმივად გრძელდება ჩინეთის ჩახშობის მეთოდები და ცალმხრივი სანქციების სია მუდმივად ფართოვდება“, – განაცხადა ვანგ იმ.
ჩინეთი ამტკიცებს, რომ აშშ ცდილობს, შეაკავოს და აღკვეთოს მისი მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და ინდუსტრიული პოლიტიკა.
„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გაიგოს ისტორიული განვითარების ტენდენცია, ობიექტურად, რაციონალურად შეხედოს ჩინეთის განვითარებას და პრაგმატულად განახორციელოს თანამშრომლობა ჩინეთთან“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ჩინეთი მზად არის, ითანამშრომლოს რუსეთთან მეგობრობის გასამყარებლად და ხელს შეუწყობს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებდა ობიექტურ და სამართლიან პოზიციას, დაჟინებით მოითხოვდა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობას. პრეზიდენტი სი ძინპინი პირადად იყო ჩართული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის რუსეთსა და უკრაინასთან. ნებისმიერი კონფლიქტის დასასრული არის მოლაპარაკებების მაგიდა. რაც უფრო ადრე დაიწყება მოლაპარაკებები, მით უფრო ადრე დადგება მშვიდობა“, – განაცხადა ვანგ იმ.