ჩინეთის ქვეშ, 600 კმ სიღრმეში, წყნარი ოკეანის ფსკერის უძველესი ფრაგმენტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
თანამედროვე ჩინეთის ქვეშ, ასობით კილომეტრის სიღრმეში, დედამიწის მანტიის გარდამავალ ზონაში, მეცნიერებმა წყნარი ოკეანის უძველესი ფსკერის ნაშთები აღმოაჩინეს.
კლდოვანი ფილა, რომელიც ერთ დროს წყნარი ოკეანის ფსკერი იყო, ოკეანის ლითოსფეროს რელიკვიას წარმოადგენს; ლითოსფერო დედამიწის ზედაპირის ყველაზე გარე ფენაა და შედგება ქერქისა და ზედა მანტიის გარე მყარი ნაწილებისგან.
თუმცა, ლითოსფერო ყოველთვის ზემოთ გამოსაჩენ ადგილას არ არის განთავსებული. ზედაპირის ზედა ფენა შედგება რამდენიმე ფრაგმენტად დაყოფილი ტექტონიკური ფილებისგან, რომლებიც ნელ-ნელა მოძრაობენ და ზოგჯერ ერთმანეთსაც გადაკვეთენ.
ასეთი შეჯახებების დროს ხდება გეოლოგიური პროცესი, სახელად სუბდუქცია, რა დროსაც ერთი ფილა იძულებულია მეორის ქვეშ შევიდეს, ე. წ. სუბდუქცის ზონებში და პლანეტის კიდევ უფრო სიღრმეში განაგრძოს მოძრაობა.
ახალი კვლევის დროს, ჩინელი და ამერიკელი მეცნიერები ამ ეპიკურ ფენომენს ყველაზე ღრმად გადააწყდნენ ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
იქამდე, მეცნიერებმა შეისწავლეს სუბდუქციური ფილების საზღვრები დაახლოებით 200 კმ სიღრმეზე.
ამის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში განთავსებული 300 სეისმური სადგურის წყალობით, მკვლევრებმა მოვლენა გაცილებით ქვედა წერტილებშიც დაინახეს, დააფიქსირეს ტექტონიკური ფილის ნაწილი, რომელიც ერთ დროს წყნარი ოკეანის ქვეშ უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი მანტიის შუა დონის გარდამავალ ზონაში შეცოცდა და დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 410-660 კმ სიღრმეში ჩავიდა.
ამ ჩაძირული ფილის შესასწავლად, მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა სეისმური სიჩქარის ორი წყვეტა — ძალიან ღრმად არსებული რეგიონები, სადაც სეისმური ტალღები ანომალიებს ხვდება. ამ შემთხვევაში, ერთმანეთს შეხვდა ორი ანომალია, რაც ჯგუფის განცხადებით, ჩაძირული ფილის ზედა და ქვედა ნაწილებთან არის დაკავშირებული.
„დეტალურ სეისმოლოგიურ ანალიზებზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ ზედა წყვეტა ჩაძირული ფილის მოხოროვიჩის ზედაპირი უნდა იყოს“, — ამბობს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკოსი ქი-ფუ ჩენი.
მისივე თქმით, ქვედა წყვეტა სავარაუდოდ გამოწვეულია ფილისქვეშა ასთენოსფეროს ნაწილობრივი დნობით წყლიან გარემოში, ფილის ზღვისპირა ნაწილში.
მიუხედავად იმისა, რომ სუბდუქციური პროცესი ჩინეთის ქვეშ არის შესამჩნევი, თავად სუბდუქციის ზონა გაცილებით აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც ფილები 25-გრადუსიანი კუთხით არის ქვემოთ მიმართული.
„იქ, სადაც წყნაროკეანური ფილა დაახლოებით 100 კმ სიღრმეში ჩადის, მდებარეობს იაპონია“, — ამბობს რაისის უნივერსიტეტის სეისმოლოგი ფენგლინ ნიუ.
ახალი ვიზუალიზაციის წყალობით, მეცნიერებს უკეთესი წარმოდგენა ექმნებათ იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩაძირული ფილის თავს, როდესაც ის გარდამავალი ზონის ამ ნაწილს აღწევს, მათ შორის, როგორ დეფორმირდება და რა მოცულობის წყლის შემცველობას კარგავს თავის ოკეანური ქერქიდან.
„ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ სინამდვილეში, ფილა დიდწილად დეფორმირდება მანტიის გარდამავალ ზონაში, სადაც ის რბილდება და შესაბამისად, ადვილადაც დეფორმირდება“, — ამბობს ნიუ.
მისივე თქმით, ჯერ უცნობია, ჩაიღვარა თუ არა მთელი მისი წყალი ამ სიღრმეში, მაგრამ ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ წყლის გარკვეული ნაწილი ფილას ასეთ დიდ სიღრმეშიც თან ჩაჰყვა.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.rice.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.