ჩინეთის პროვინცია ცზიანსიში გარდაცვლილთა დაკრძალვა აიკრძალება. სექტემბრიდან ახლობლებს გარდაცვლილი ოჯახის წევრის კრემაცია და დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ. ამასთან, მიწის რესურსების დაზოგვის მიზნით, იკრძალება საფლავის მოწყობაც.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა შორის პროტესტი მოჰყვა. მთავრობამ მოსახლეობას წინასწარ შეძენილი ჩასასვენებლები კონფისკაციის წესით ჩამოართვა და განადგურება დაიწყო.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, გაჭირვებული ოჯახები წლების განმავლობაში აგროვებენ დანაზოგს ჩასასვენებლის საყიდლად, რომელიც 5000 იუანი ღირს. ხელისუფლებამ კი, კომპენსაციის სახით, მხოლოდ 2000 გადაუხადა.
ცზიანსი პირველი პროვინცია არ არის, რომელიც დაკრძალვას კრემაციით ანაცვლებს. ასეთი პრაქტიკა უკვე დანერგილია შანდუნიში. თუმცა, რეგულაციებმა ტრადიციების მიმდევარ მოქალაქეებს, რომელთაც ახლობლების დაკრძალვა სურთ, ე.წ. შავი ბაზრისკენ უბიძგა. ისინი „სხეულით მოვაჭრეებთან” უცნობი პირების გვამებს იძენენ და სერტიფიკატის მოსაპოვებლად, კრემაციას უტარებენ, ახლობლებს კი ფარულად მარხავენ.