ჩინეთის პრეზიდენტი - ჩინეთი მზად არის, ახალი ტექნოლოგიები სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს
ჩინეთი მზად არის, ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის მეხუთე თაობის ქსელი, სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთს სურს პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ახალი კომპეტენციების განსავითარებლად და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაციითვის.
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, დანარჩენ მსოფლიოსთან ორმხრივ მოგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მისაღწევად, პეკინი ვაჭრობაში მულტილატერალიზმს და ეკონომიკურ გლობალიზაციას დაუჭერს მხარს.
სი ძინპინმა ასევე თქვა, რომ ჩინეთისგან აშშ-ის და აშშ-ისგან ჩინეთის სრული ჩამოშორება ძნელად წარმოსადგენია, რადგან ეს არც ერთ მხარეს არ სურს. პეკინს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სავაჭრო ტარიფების და მეხუთე თაობის ქსელის ირგვლივ გამწვავდა.
კვირის დასაწყისში, რუსულმა მობილურმა ოპერატორმა „ემტეესმა” და ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა „ჰუავეიმ“ რუსეთში მეხუთე თაობის ქსელის განვითარებაზე და 2019-2020 წლებში ტესტირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გადაწყვეტილება მოსკოვში, ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღებული.