ჩინეთის მხრიდან გაფრთხილებების მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანის ლიდერს შეხვდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ტაივანის ლიდერ ცაი ინ-ვენს შეხვდა ჩინეთის მხრიდან გაფრთხილებების მიუხედავად.
ცაიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს ტაივანის გვერდით დგომისთვის, როდესაც მისი დემოკრატია საფრთხეში იყო.
„ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, როდესაც ერთად ვართ“, – აღნიშნა ტაივანის ლიდერმა კალიფორნიაში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრისას.
თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ ტაივანისა და ამერიკის ხალხებს შორის მეგობრობას თავისუფალი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თავისუფლების, მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა კევინ მაკარტიმ.
მაკარტი გახდა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანის ლიდერს აშშ-ის ტერიტორიაზე 1979 წლის შემდეგ შეხვდა. მანამდე, გასულ წელს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი იმყოფებოდა ტაივანში, რასაც ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გამწვავება მოჰყვა. პელოსის ვიზიტის პასუხად ჩინეთმა ტაივანის სრუტეში მასშტაბური სამხედრო წვრთნა გამართა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა,რომ ცაი აშშ-ში ტრანზიტით იმყოფება და რომ მსგავსი გაჩერებები არის კერძო და არაოფიციალური ხასიათის.
„პეკინმა არ უნდა გამოიყენოს ტრანზიტი დაძაბულობის გამწვავებისთვის ნებისმიერ სახის მოქმედების საბაბად“, – აღნიშნა ბლინკენმა.
გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ცაი ინ-ვენსა და კევინ მაკარტის შორის შეხვედრას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. უწყებაში განაცხადეს, რომ პეკინი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-სა და ტაივანს შორის ნებისმიერი ფორმის ოფიციალურ ურთიერთობებს.