ჩინეთის განვითარების ბანკი საპარტნიორო ფონდს 20 მილიონის აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს
ჩინეთის განვითარების ბანკი საპარტნიორო ფონდს 20 მილიონის აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს

„საპარტნიორო ფონდსა“ და „ჩინეთის განვითარების ბანკს“ შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება და „20 მილიონი აშშ დოლარის სესხის ძირითადი პირობების შეთანხმება“ გაფორმდა.

ფონდის ინფორმაციით, ფონდსა და ბანკს შორის მოლაპარაკების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. „ჩინეთის განვითარების ბანკის“ მხრიდან სესხი სახელმწიფო გარანტიის გარეშე გაიცემა, რაც საქართველოში არსებული სახელმწიფო კომპანიებისათვის პირველი პრეცედენტია.

თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება მომდევნო წლისთვის სესხის 50 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ბანკის მიერ „საპარტნიორო ფონდისთვის“ გამოყოფილი თანხა ფონდის საინვესტიციო პორტფელში არსებული და დაგეგმილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

შეთანხმებული პირობების შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერა პეკინში 25-26 აპრილს დაგეგმილ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იგეგმება, სადაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სიტყვით გამოვა და დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობისა და ქვეყნის საინვესტიციო უპირატესობების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

დოკუმენტები პეკინში „ჩინეთის განვითარების ბანკის“ სათაო ოფისში გაფორმდა.

ჩინეთის განვითარების ბანკი უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში საკუთარი აქტივებით მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას და ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და საწარმოებთან აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში.