ჩინეთის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდი უკანონოდ შეიჭრა მის ტერიტორიულ წყლებში
ჩინეთის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდი უკანონოდ შეიჭრა მის ტერიტორიულ წყლებში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჩინეთის სამხრეთ ოლქის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანმა „Curtis Wilbur”-მა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულებთან დაარღვია ჩინეთის ტერიტორიული წყლები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი გმობს აღნიშნულ ქმედებას და აშშ-ს სუვერენიტეტის დარღვევაში და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ადანაშაულებს.
მოგვიანებით, აშშ-ის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდი საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და თავისუფალი ნაოსნობის სრული დაცვით იმყოფებოდა პარასელის კუნძულებთან, რომლებზეც სუვერენიტეტს ჩინეთი, ტაივანი და ვიეტნამი აცხადებენ.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აშშ-ჩინეთის დაძაბულ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. აშშ არ ცნობს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ წყლებზე ჩინეთის პრეტენზიებს და მას უკანონოს უწოდებს.