ჩინეთის ელჩი - საქართველოს შეუძლია, აქტიურად მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, მიაღწიოს გარღვევას ზოგიერთ ინდუსტრიულ სფეროში, ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გაუზიაროს გამოცდილება
საქართველოს შეუძლია, აქტიურად მოიზიდოს და გამოიყენოს უცხოური ინვესტიციები, მიაღწიოს გარღვევას ზოგიერთ ინდუსტრიულ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გაუზიაროს გამოცდილება საქართველოს და გააგრძელოს თანამშრომლობა ქართულ მხარესთან.
„ჩინეთი მრეწველობამ განუვითარებელი აგრარული ქვეყნიდან, მსოფლიოს უდიდეს ინდუსტრიულ ქვეყნად და უმსხვილეს საქონლით მოვაჭრედ აქცია. ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს გლობალური ეკონომიკის ზრდაში. ყველაზე სრულყოფილი ინდუსტრიული სისტემა აქვს და მისი წარმოების ინდუსტრია 13 წელია, პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. ჩინეთის განვითარების შედეგები, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩინეთის გამოცდილება რეალიზაციის განვითარებაში, პირველ რიგში, მოიცავს აქტიურ ინტეგრაციას გლობალურ განვითარებაში. ჩინეთი მტკიცედ და ურყევად აფართოებს გახსნილობას გარე სამყაროსთან, განავითარებს საკუთარ თავს და სარგებელი მოაქვს მსოფლიოსთვის. რეფორმებისა და გახსნილობის პერიოდიდან მოყოლებული, ჩინეთი შეუერთდა გლობალიზაციის განვითარებას, აქტიურად იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. საკუთარ თავზე იღებს საერთაშორისო სამრეწველო ტრანსფერებს, მონაწილეობს გლობალური მრეწველობის შრომის განაწილებაში. ჩინეთის მრეწველობა მუდმივად ძლიერდება მსოფლიო ეკონომიკასთან კონკურენციითა და თანამშრომლობით, სწრაფად იზრდება მისი მასშტაბი და ეფექტურობა.
ჩინეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინვესტიციებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებში. 2023 წელს ჩინეთის მთლიანმა საზოგადოებრივმა კვლევისა და განვითარების ინვესტიციამ 3.3 ტრილიონ იენს გადააჭარბა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ნარჩუნდება წლიური ორნიშნა საშუალო ზრდის ტემპი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების ოთხპროცენტიან საშუალო ზრდის ტემპს. 2023 წლის ბოლოსთვის, ჩინეთში მოქმედი გამოგონებების პატენტების რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით, პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში.
ინდუსტრიალიზაციის პროცესის ხელშეწყობა გრძელვადიანი, რთული და უზარმაზარი სისტემური პროექტია. სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. საქართველოს შეუძლია, გამოიყენოს ის უპირატესობა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, ასევე გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. მას შეუძლია, საკუთარ არსებულ ინდუსტრიებზე ორიენტირებით, ზუსტად განსაზღვროს საერთაშორისო ინდუსტრიული ჯაჭვი შესაფერისი სეგმენტებით, გააძლიეროს პოლიტიკური მხარდაჭერა და მაღალი დონის მუშა ხელის მომზადება. ყურადღება მიმართოს შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისკენ. ასევე აქტიურად მოიზიდოს და გამოიყენოს უცხოური ინვესტიციები.
საქართველოს შეუძლია, ინვესტიციების განსახორციელებლად კომპანიები მოიზიდოს ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ისეთი საშუალებებით, როგორიცაა, მაგალითად, ბაჟის გადახდისგან თავისუფალი ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკების მშენებლობა. ასევე მიაღწიოს გარღვევას ზოგიერთ ინდუსტრიულ სფეროში და თანდათან გააგრძელოს ინდუსტრიული ჯაჭვი. ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გამოცდილება გაუზიაროს და თანამშრომლობა გააგრძელოს ქართულ მხარესთან“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.