ჩინეთი შტატების ტარიფებზე საპასუხო ზომების მიღებას აპირებს
ჩინეთი შტატების ტარიფებზე საპასუხო ზომების მიღებას აპირებს

თუ შეერთებული შტატების მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ჩინეთის ინტერესებს შელახავს, ჩინეთი სასწრაფოდ მიიღებს საპასუხო ზომებს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ ჩინეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ თვეში 50 მილიარდი დოლარის მოცულობის 1300 დასახლების ჩინური საქონლის იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ურთიერთობა ძალიან დაძაბა.

ხუთშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი კაბინეტის წევრებსა და ვაჭრობის საკითხებში მრჩევლებს შეხვდა და ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გეგმა დაამტკიცა. თუმცა, დასაბეგრი საქონლის სია 1300-დან 800-მდე შეამცირა. ახალ ტარიფებს ტრამპი იმით ამართლებს, რომ ეს არის პასუხი ჩინური კომპანიების მიერ ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასა და მოპარვაზე. ტრამპი ამ პრაქტიკის აღკვეთას მოითხოვს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა გასულ პარასკევს შტატები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ ის ჩინეთზე დაგეგმილ სავაჭრო სანქციებს აამოქმედებს, პეკინი გააუქმებს ყველა სავაჭრო მოლპარაკებას ჩინეთსა და ამერიკას შორის.ხუთშაბათსვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, ქრისტინ ლაგარდმა საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკა დიდი ალბათობით, დარტყმას მიაყენებს როგორც შტატების ეკონომიკას, ისე მსოფლიოს სავაჭრო სისტემას.

ლაგარდი თვლის, რომ სავაჭრო ომში წაგებაში იქნება ორივე მხარე და მას ძალიან სერიოზული შედეგები ექნება.

შტატებმა ალუმინისა და ფოლადის იმპორტზეც შემოიღო ახალი ტარიფი, რომელიც ერთნაირად ვრცელდება ევროპაზე, მექსიკაზე, კანადასა და ჩინეთზე. აღნიშნული საკითხის გამო დიდი შვიდეულის სამიტმა გასულ კვირაში ტრამპთან დიდი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. დაზარალებულმა ქვეყნებმა უკვე გააკეთეს განაცხადი, რომ შტატებისთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავენ.