ჩინეთი ევროკავშირს თანადგომას სთხოვს, რომ ერთობლივი ძალით, წინ აღუდგნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებულ პროტექციონისტულ სავაჭრო პოლიტიკას და შეაჩერონ მოსალოდნელი სავაჭრო ომი.
„ჩინეთი და ევროკავშირი ერთად უნდა დადგნენ პროტექციონისტული პოლიტიკის შესაჩერებლად. უნდა იმუშაონ, რომ შეინარჩუნონ მრავალმხრივი ურთიერთობებისა და საერთო თამაშის წესებზე დაფუძნებული სავაჭრო გარემო“, – განაცხადა ევროკავშირში ჩინეთის მისიის ხელმძღვანელმა სააგენტო „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი აზრით, ბოლო დროს აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ფასეულობებს.
პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო საკითხების გამო დაძაბულობამ მიმდინარე კვირაში პიკს მიაღწია, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ოფიციალური განაცხადი გააკეთა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის იმპორტზე სატარიფო გადასახდის გაზრდის შესახებ.
პასუხად ჩინეთმა იმავე ღირებულების ამერიკულ იმპორტზე 25-პროცენტიანი გადასახდის შემოღება გადაწყვიტა. ტრამპი კი გუშინ ჩინური საქონელზე საიმპორტო გადასახდის კიდევ 100 მილიარდი დოლარით გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.
ევროკომისია სიტუაციის განმუხტვის მიზნით უკვე აწარმოებს მაღალი დონის მოლაპარაკებებს და მხარეებს მოუწოდებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების ფარგლებში იმოქმედონ.
ევროკომისიის წარმომადგენლის, დანიელ როსარიოს განცხადებით, ევროკავშირის რწმენით, სავაჭრო საკითხები ყოველთვის მსო-ს ფარგლებში უნდა მოგვარდეს, რომელიც მხარეებს დავების გადაჭრის ეფექტურ მეთოდებს სთავაზობს.