ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უმცირესობები რასობრივი დისკრიმინაციისგან დაიცვას
ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უმცირესობები რასობრივი დისკრიმინაციისგან დაიცვას, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო მიმდინარე მოვლენებს. ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა სპიკერმა.
მისივე თქმით, „რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ში სოციალური დაავადებაა და რაც მოხდა, იმის დადასტურებაა, რომ პრობლემები, მათ შორის, რასობრივი დისკრიმინაცია და ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან არსებობს და მათი გადაჭრა აუცილებელია“.
„იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ-ის მთავრობა მიიღებს კონკრეტულ ზომებს, რათა დაიცვას საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.