ჩინეთი ჯო ბაიდენის განცხადებას აბსურდულს და უპასუხისმგებლოს უწოდებს
ჩინეთი ჯო ბაიდენის განცხადებას აბსურდულს და უპასუხისმგებლოს უწოდებს

ეს განცხადებები იყო აბსურდული, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს „დიქტატორი“ უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა, რომ უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლოა აშშ-ის ლიდერის განცხადება ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინს ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის კომენტარები სერიოზულად ამახინჯებს ფაქტებს, არღვევს დიპლომატიურ პროტოკოლს და ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას. „ეს ღია პოლიტიკური პროვოკაციაა“, – აღნიშნა მაო ნინგმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სი ძინპინს ორი დღის წინ, 19 ივნისს შეხვდა.