ჩინეთი ინდოეთს ჰიმალაის მთების სადავო ზონაში მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს
ჩინეთი ინდოეთს ჰიმალაის მთების სადავო ზონაში მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს

ჩინეთი ინდოეთს ჰიმალაის მთების სადავო ზონაში მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, ინდოელი ჯარისკაცები ჩინეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და სასტიკი ფიზიკური კონფლიქტი გამოიწვიეს.

ჩინეთის ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას კვლავ არ აქვეყნებს.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ აპრილის შემდეგ, ინდოეთი ფაქტობრივი კონტროლის ხაზთან, გალვანის ველზე გზებს, ხიდებს და სხვა ობიექტებს აშენებს.

პარალელურად, მოსახლეობისადმი მიმართვისას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არავინ შეჭრილა და ინდოეთს ტერიტორია არ დაუთმია. დელიში ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი ჩინეთის მიერ სტრუქტურის აღმართვა გახდა. ჰიმალიას მთებში, 4 200 მეტრის სიმაღლეზე ინდოელი და ჩინელი ჯარისკაცების დაპირისპირებას ინდოეთის არმიის 20 ჯარისკაცი ემსხვერპლა, სულ მცირე 76 კი, დაშავდა. ჩინეთი მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.