ჩინეთი ცდილობს ევროკავშირი ანტი-ამერიკულ ალიანსზე დაითანხმოს
ჩინეთი ცდილობს ევროკავშირი ანტი-ამერიკულ ალიანსზე დაითანხმოს

ჩინეთი ცდილობს ევროკავშირი დაითანხმოს, რომ 16-17 ივლისს პეკინში დაგეგმილ სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის მიმართ მკაცრი ერთობლივი განცხადება გააკეთონ. სანაცვლოდ, პეკინი ბრიუსელს საკუთარი ბაზრის გახსნას ჰპირდება, თუმცა ბრიუსელი უარს ამბობს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიუსელში, ბერლინსა და პეკინში ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე ჩინეთის ოფიციოზი, ვიცე-პრემიერისა და ჩინეთის წამყვანი დიპლომატის, ლიუ ჰის ჩათვლით, ევროპელ პარტნიორებს ალიანსის ჩამოყალიბებას სთავაზობდა. ერთის მხრივ, ჩინეთს ევროკავშირთან ერთად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შეერთებული შტატების წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელის შეტანა სურს. კეთილი ნების ნიშნად, ჩინეთი ევროპას საკუთარი ბაზრის გახსნასაც დაჰპირდა.

მაგრამ ევროკავშირი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ბლოკია, ვაშინგტონის წინააღმდეგ პეკინთან ალიანსზე უარს ამბობს. ეს ინფორმაცია Reuters-ს ევროკავშირის ხუთმა ოფიციალურმა პირმა და დიპლომატმა გაუმხილა. წყაროს მიხედვით, 16-17 ივლისს დაგეგმილი წლიური ჩინურ-ევროპული სამიტი მხოლოდ ფრთხილ კომუნიკეს შეადგენს, სადაც დიდი ალბათობით ხაზს გაუსვამს, რომ ჩინეთი და ევროკავშირი მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ერთგულები რჩებიან. რომ მხარეები ასევე აპირებენ შექმნან მუშა ჯგუფი, რომელიც მსო-ს რეფორმაზე იმუშავებს. პეკინის სამიტს ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან ერთად, ჩინეთის პრეზიდენტი ში ჯინპინი და ჩინეთის პრემიერიც დაესწრებიან.

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე პირად საუბრებში განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა სამიტზე დაასახელოს სექტორები, რომლებსაც ევროპელ ინვესტორებს გაუხსნის. ჩინურმა მედიამ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ევროკავშირი ჩინეთის მხარეს იჭერს, რითაც ევრობლოკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

როგორც გამოცდილება აჩვენებს, 2016 და 2017 წლებში გამართულ სამიტებზე მხარეებმა ჩინეთის ზღვასა და სავაჭრო საკითხებზე არსებული დაპირისპირების გამო, შეთანხმებას საერთოდ ვერ მიაღწიეს და ოფიციალური განცხადება არც გაუვრცელებიათ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახლოებული სამიტის მიზნებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა დღეს ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ Xinhua-მ გააკეთა კომენტარი, რომ ჩინეთი და ევროპა ბუნებრივი პარტნიორები არიან და პროტექციონისტულ სავაჭრო პოლიტიკას ერთად უნდა დაუპირისპირდნენ.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპის მიერ ევროპული ლითონის იმპორტზე ტარიფების დაწესების, ასევე ევროპულ ავტომობილებზე მოსალოდნელი ტარიფების მიუხედავად, ბრიუსელი ვაშინგტონის პოზიციას იზიარებს. ორივეს ეჭვი ეპარებათ, რომ პეკინი ბაზარს მართლაც გახსნის. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის თემით მანიპულირებს და მისი რეალური მიზანია გლობალურ ბაზრებზე გაბატონება.
Reuters-ის წყაროს მიხედვით, ევროკავშირი იზიარებს აშშ-ის თითქმის ყველა პრტენზიას ჩინეთის მიმართ, უბრალოდ არ ეთანხმება ამ პრობლემების მოგვარების ამერიკულ მეთოდს.

ანალიტიკოსებს აკვირვებთ ჩინეთის პოზიცია, რომელიც ევროკავშირის მიმხრობას ცდილობს მაშინ, როცა კარგად უწყის ეკონომიკასა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ისა და ევროპის ღრმა თანამშრომლობის ამბავი. ანალიტიკოსების ვარაუდით, როგორც ჩანს, ჩინეთი მეტისმეტად შეფიქრიანებულია აშშ-სთან სავაჭრო ომის პერსპექტივით.

როგორც ცნობილია, 6 ივლისს შტატებში ძალაში შევა ახალი ტარიფები, რომელიც 34 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინურ იმპორტს დაბეგრავს.

ტრამპის პოლიტიკამ ვაჭრობის, ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის საკითხებში შტატებსა და მის კარგად გამოცდილ პარტნიორებს შორის, როგორიცაა ევროკავშირი, კანადა და იაპონია, განხეთქილება შეიტანა. Reuters-ის წყარო ვარაუდობს, რომ ჩინეთი, რომელიც ვერასდროს ეგუებოდა დასავლეთის ერთიან ბლოკს, ამ განხეთქილების გამოყენებას ცდილობს და სურს აღნიშნულ საკითხებში ფლაგმანის პოზიცია აიღოს.