ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთში შესული მარცვლეულის სახეობა სორგუმი დღეიდან 178,6 პროცენტიანი ანტიდემპინგური გადასახადით დაიბეგრება. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ანტიდემპინგური გადასახდი დროებითია, თუმცა სორგუმის ამერიკელი მწარმოებლები უკვე აპირებენ მის გასაჩივრებას.
სორგუმი მარცვლეულის სახეობაა, რომელიც ძირითადად სასილოსე მასალად გამოიყენება მეცხოველეობაში. სორგუმს ასევე იყენებენ სპირტის წარმოებაში, რადგან ამ მარცვლეულიდან მიიღება ეთანოლი – იგივე სასმელი ალკოჰოლი. შტატები სორგუმის წარმოების კუთხით მსოფლიო ლიდერია და ჩინეთის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელიც.
ოფიციალური პეკინი თვლის, რომ შტატები ჩინეთის ბაზარზე შეტანილ სორგუმს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის, რასაც დემპინგი ეწოდება. ეს კი ჩინელ ფერმერებს აზარალებს. პეკინის აზრით, დემპინგის წყალობით ჩინეთის ბაზარზე ამერიკული სორგუმის წილი 2013 წელს დაფიქსირებული 8 პროცენტიდან 2016 წლისთვის 61 პროცენტამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ჩინეთს მიაჩნია, რომ ბოლო დროს აშშ ჩინეთის წინააღმდეგ უსამართლო სატარიფო პოლიტიკას ატარებს.
ჩინეთმა ამერიკული სორგუმის დემპინგის საკითხის შესწავლა თებერვალში დაიწყო, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დროებითი ანტიდემპინგური გადასახდი იმ სატარიფო ომის ნაწილია, რომელიც ამერიკასა და ჩინეთს შორის გასულ თვეში დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა გახდა ცნობილი. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ჩინეთიდან შემოსული საქონელი ახალი ტარიფებით დაიბეგრება.
ტრამპი თვლის, რომ ჩინეთი ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას არღვევს და ახალი ტარიფი სადამსჯელო ღონისძიება იქნება. ზოგადად, ტრამპი ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკას უარყოფითად აფასებს და მის წინააღმდეგ გარკვეული ზომების გატარებას აპირებს ამერიკის ბაზრის დასაცავად.
ამერიკის შეერთებული შტატები სორგუმზე ანტი-დმეპინგური გადასახდის დაწესების საკითხის განხილვას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აპირებს.