ჩინეთი აშშ-ის ახალ ტარიფებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებს
ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სატარიფო დარტყმას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებს.
ეს გადაწყვეტილება ოფიციალურმა პეკინმა დღეს შტატების მიერ ჩინურ საქონელზე საიმპორტო ტარიფების მეორე ნაწილის ამოქმედების შემდეგ მიიღო. დღეს ჩინეთის დროით შუადღის 12 საათზე შტატებში ძალაში შევიდა საიმპორტო გადასახადი, რომელიც 16 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინურ იმპორტს 25 პროცენტით დაბეგრავს. ახალი ტარიფი მოტოციკლებსა და ანტენებზეც გავრცელდება და კიდევ უფრო ამძაფრებს ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო დაპირისპირებას.
არსებობს მოლოდინი, რომ პერსპექტივაში თეთრი სახლი კიდევ გეგმავს ახალი ტარიფების სერიას, რომელიც უშუალოდ კომპანიებსა და მომხმარებელსაც დააზარალებს.
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „აშკარად“ არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წესებს და თეთრი სახლი გააფრთხილა, რომ პეკინი საპასუხო ზომებს მიმართავს. პირველი სარჩელი აშშ-ის წინააღმდეგ ჩინეთმა გასულ ივლისში შეიტანა, როდესაც შტატებმა ტარიფების პირველი სერია წამოიწყო.
თუმცა ლეგალური სარჩელის აღძვრამდე ჩინეთმა საპასუხო დარტყმა ახალი ტარიფების ამოქმედებისთანავე განახორციელა. დღეიდან პეკინიც 16 მილიარდი დოლარის მოცულობის ამერიკულ პროდუქციას იგივე 25 პროცენტით დაბეგრავს. დასაბეგრი საქონლის სია მოიცავს ქვანახშირს, სამედიცინო აპარატურას, ავტომობილებსა და ავტობუსებს.
სატარიფო ომის პარალელურად, ვითარების განმუხტვის მიზნით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის საკმაოდ მდორე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ანალიტიკოსები მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებენ და გარდატეხას არ ელოდებიან.
ვაშინგტონმა ტარიფების მეორე რაუნდი ბიზნესის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად აამოქმედა. ამერიკული ბიზნეს-გაერთიანებების ნაწილმა გააფრთხილა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ ტარიფების ახალ რაუნდს ვეღარ გაუძლებს და სამომხმარებლო საქონელზე ფასების გაძვირება მოუწევს, რაც აშშ-ის მომხარებელზე უარყოფითად აისახება.
ტრამპს კი გეგმაში შტატებში შესული ჩინური იმპორტის მთლიანი მოცულობის დაბეგვრა აქვს განზრახული, რომლის მოცულობაც 500 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს განცხადება ტრამპმა ჯერ კიდევ ივლისში გააკეთა.
თუმცა სატარიფო გადასახდი მხოლოდ ჩინეთს არ აზიანებს. როგორც ცნობილია, ჩინეთში პროდუქციის საბოლოო აწყობის საამქროები აქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ინდონეზია, მალაიზია და სინგაპური. შესაბამისად, ეკონომისტები შიშობენ, რომ სატარიფო ომის შედეგად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდაც დაზარალდება. საქმე ისაა, რომ აზიის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას სწორედ საერთაშორისო ვაჭრობამ შეუწყო ხელი. ამიტომ თუ სავაჭრო დაძაბულობა გაგრძელდა, რეგიონის ეკონომიკას საკმაოდ პირქუში პერსპექტივა ელოდება.