ჩინეთი ამერიკული პროდუქტების იმპორტზე დამატებით გადასახადს აწესებს
ჩინეთი ამერიკული პროდუქტების იმპორტზე დამატებით გადასახადს აწესებს

ჩინეთი 106 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე დამატებით 25 პროცენტიან საიმპორტო გადასახადს აწესებს. ჯერჯერობით, უცნობია ახალი გადასახდის ამოქმედების თარიღი. თუმცა უკვე გარკვეულია, რომ ახალი გადასახადი შეეხება სოიოს, ავტომობილების, ვისკისა და ქიმიკატების იმპორტსაც.

ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ჩინეთის მხრიდან ახალი გადასახადის შემოღებას დასავლური მედია აფასებს, როგორც საპასუხო ნაბიჯს აშშ-ის მიმართ, რომელმაც გუშინ ჩინურ პროდუქციაზე ახალი საიმპორტო გადასახადის შემოღების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ახალი გადასახადი 50 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 1300 დასახელების ჩინურ საქონელს დაბეგრავს. ტრამპი თვლის, რომ ჩინეთის ბაზარზე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ირღვევა. მისი თქმით, ახალი გადასახდი განიხილება, როგორც ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება არსებულ დარღვევებზე .

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჩინეთის მიერ ამერიკულ საქონელზე ახალი ტარიფების შემოღება კიდევ უფრო ზრდის პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ომის გაჩაღების რისკს.