გათხოვებას ორჯერ გადავრჩი, 2016 და 2018 წელს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, ჩინარა კოჯაევამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გათხოვება არ მინდოდა. იმიტომ, რომ ბავშვი ვიყავი, 14 წლის და ამისთვის მზად არ ვიყავი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და მინდოდა, სწავლა გამეგრძელებინა. ერთხელ, როცა სკოლიდან სახლში მოვედი, მამაჩემმა მითხრა, რომ სახლში სტუმრები იყვნენ და ჩემ დანიშვნას აპირებდნენ. მე თანახმა არ ვიყავი. ვუთხარი, ჯერ პატარა ვარ, კარგად ვსწავლობ და მომეცით შანსი, რომ ვისწავლო მეთქი“, – განაცხადა კოჯაევამ.
როგორც კოჯაევამ აღნიშნა, ამის შემდეგ დახმარება ქართულის მასწავლებელს სთხოვა, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
„მასწავლებელმა სახალხო დამცველის აპარატს დაურეკა და ამის შემდეგ, ჩვენ სახლში პოლიციელები მოვიდნენ. მამამ პროკურატურაში ხელი მოაწერა, რომ 18 წლამდე ძალით არ გამათხოვებდა. ამის შემდეგ ნიშნობა ჩაიშალა, მაგრამ მამამ ნიშანი უკან არ დააბრუნა, რადგან ჩემზე ფიქრობდა და ნერვიულობდა, ხალხი რას იტყვის, სახელი არ გაუტყდეს, რატომ არ უნდა გათხოვებაო და ელოდებოდნენ, როდის გავხდებოდი 18 წლის. უკვე სწავლის საშუალება აღარ მქონდა. ჩვენთან სკოლა მეცხრე კლასამდეა და როცა ის დავამთავრე, სახლში ვიყავი. 18 წლის რომ გავხდი, კიდევ აპირებდნენ ჩემ გათხოვებას“, – განაცხადა კოჯაევამ.
ჩინარა კოჯაევამ ასევე განაცხადა, რომ მის საქმეზე მამამისი დააკავეს და ერთი წელი მიუსაჯეს.
„უკვე რვა თვე გავიდა, ოთხი დარჩა და ერთი სული მაქვს, როდის გამოვა, რომ ჩავეხუტო. მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მისთვის მე არ მიჩივლია. უბრალოდ, ორჯერ იყო დამნაშავე და მაგის გამო დააკავეს. მამა ჩემზე არ არის გაბრაზებული და არც მე ვარ მასზე გაბრაზებული. ახლა უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ვიდრე ადრე გვქონდა. ახლა, უფრო ჩემ მხარესაა; ადრე რომ არ უნდოდა, მესწავლა, ახლა უნდა და უხარია, რომ ვსწავლობ და წარმატებული ვარ“, – განაცხადა ჩინარა კოჯაევამ.
კოჯაევამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ის „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ თავშესაფარში ცხოვრობს და სწავლობს.
„უკვე ცხრა თვეა, იქ ვარ. იქ ვცხოვრობ და თან ვსწავლობ. ჯერჯერობით, ინგლისურ და ქართულ ენებს ვსწავლობ. ქართული ენა ჩემთვის მნიშვნელოვანია. თავიდან, თავშესაფარში რომ მივედი, საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ რვა თვეა მასწავლებელთან დავდივარ და ვისწავლე. ასევე გავიარე მაკიაჟის კურსები და პირველ არხზე ვმუშაობ. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა ჩინარა კოჯაევამ.