ჩილეში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. მეწყერს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი. 15 მოქალაქის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ასობით დაზარალებული ვერტმფრენებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მეწყერმა მთლიანად გაანადგურა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფელი ვილა-სანტა-ლუცია, რომელიც ტურისტებისთვის პოპულარულ რეგიონშია განლაგებული.
პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა რაიონი სტიქიური უბედურების ზონად უკვე გამოაცხადა. ათასობით სახლი ელექტრონერგიის გარეშე რჩება.
სტიქია ჩილეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე მოხდა. მთავრობა აცხადებს, რომ კენჭისყრა გეგმის მიხედვით გაიმართება. არჩევნებში ორი კანდიდატი – მილიარდერი სებასტიან პინიერა და ალეხანდრო გილიერი მონაწილეობენ.