ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ხელკეტი მქონია, არც ჯაჭვი, არც დანა, არაფერი მიხმარია და არც არავისთვის ჩამირტყამს. ვიღაცას ჩირქის მოცხობა უნდა და ყველაფერი გაირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ თავს არაფერს არ ვარიდებთ. დაიბარეს ბიჭები და მივიდნენ, დამიბარეს მე და მივალ ადვოკატთან ერთად. ბიულეტინზე ვარ და მივალ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში იციან. რატომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავს ვარიდებ რამეს, არ ვიცი. არაფერი არ მაქვს თავის ასარიდებელი”- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.
დაპირისპირების შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.