ზურაბ დათუნაშვილი - თუ ის პრეზიდენტად უნდათ, იყოს თავიანთი პრეზიდენტი, მე შერიგებას არ ვაპირებ
ზურაბ დათუნაშვილი - თუ ის პრეზიდენტად უნდათ, იყოს თავიანთი პრეზიდენტი, მე შერიგებას არ ვაპირებ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ზურაბ დათუნაშვილმა. ევროპის ორგზის ჩემპიონის განცხადებით, ის გეგეშიძესთან თანამშრომლობას და შერიგებას არ აპირებს და ან გაუშვან ან დამბლოკონ.

„ საუბრობდნენ რომ ერთი ოჯახი ვართ და უნდა შევრიგდეთ და შემდეგ აღარავინ დაიჩაგრება. მე კი ამ ადამიანთან ერთად ვერ ვიქნები. თუ ის პრეზიდენტად უნდათ, იყოს თავიანთი პრეზიდენტი, მე კი გამიშვან ან დამბლოკონ. მე შერიგებას არ ვაპირებ“, – ამბობს დათუნაშვილი.

შეგახსენებთ რომ ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მოთხოვნაც გეგა გეგეშიძის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ, რომლის წევრებიც ტიტულოვანი ვეტერანი მოჭიდავეებიც არიან, გეგეშიძემ თანამდებობა შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.