ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტია დატოვეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთივე წევრმა პარტია დატოვა.
როგორც მათ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები გახდა.
მათი განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან ათი თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა, რომ პარტია გაეერთიანებინა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ჭიათურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთივე წევრმა გადავწყვიტეთ, დავტოვოთ პარტია იმის გამო, რომ შეიქმნა ძალიან მძიმე ვითარება და ვერ მოხერხდა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო, ეს ვერ მოახერხა ახალმა მენეჯერმა. ჩვენ დავინახეთ, რომ იდეა, რომელსაც ვემსახურებოდით, ეს იდეა ყველაფრისგან არის დაცლილი, ამიტომ ჯობს ამ დროს, თუ სხვა გზა აღარ რჩება, გაეცალო ვითარებას და უბრალოდ იბრძოლო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან“, – განაცხადა ჩიკვილაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები საკრებულოს დეპუტატების მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებენ.