ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას მართავენ
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას მართავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის შემდეგ ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან, სადაც აქცია განახლდება. მსვლელობის დაწყებამდე მათ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მიმართეს, არ დაიკავონ აღნიშნული ტერიტორია.

„პოლიტიკურ ძალებს გთხოვთ, ნუ დაიკავებთ ამ ტერიტორიას, რაც ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეა, გრძელდება.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის თქმით, ცდილობენ კრიზისის დაძლევის გზების პოვნას და არის მზაობა, მოწვეული იქნას დამოუკიდებელი აუდიტორი, შეისწავლონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა დამატებით ხელფასის 15-პროცენტიანი ზრდის რესურსი. ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ ხელფასის დამატებით 15-პროცენტიანი მატება წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის თქმით, ჭიათურაში ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მომენტისთვის არის 12 მილიონი დოლარი და 10 მილიონი დოლარით ხელფასის მომატების მოთხოვნა ალოგიკურია.