ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხვალიდან, აქციის პარალელურად, პარლამენტთან შიმშილობას დაიწყებენ
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხვალიდან, პარლამენტთან აქციის პარალელურად, შიმშილობას დაიწყებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, შიმშილობა და საპროტესტო აქციები მოთხოვნების საბოლოო შესრულებამდე გაგრძელდება. ტარიელ მიქაცაძის თქმით, შიმშილობის დაწყების მიზეზი „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობაა.
„გადავწყვიტეთ, რომ ხვალ დილიდან ამ კარვებში დავიწყოთ შიმშილობა და ეს იქნება უვადო. შიმშილობის მიზეზია უსამართლობა. ამიტომ ჩვენ ამ უსამართლობისთვის ბრძოლაში ყველანაირად ჩავერთვებით. არ დავნებდებით, ჩვენს ძმებს, რომლებიც მეცხრე დღეა, ჭიათურაში შიმშილობენ, აქედან ვუცხადებთ სოლიდარობას“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა, უკვე მე-15 დღეა, გრძელდება. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის თქმით, ცდილობენ კრიზისის დაძლევის გზების პოვნას და არის მზაობა, მოწვეული იქნას დამოუკიდებელი აუდიტორი, შეისწავლონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა დამატებით ხელფასის 15-პროცენტიანი ზრდის რესურსი. ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ ხელფასის დამატებით 15-პროცენტიანი მატება წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის თქმით, ჭიათურაში ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მომენტისთვის არის 12 მილიონი დოლარი და 10 მილიონი დოლარით ხელფასის მომატების მოთხოვნა ალოგიკურია.