ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე გარდაიცვალა
ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი +“-ის ობიექტზე მოხდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაშავებული საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„მომხდარზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქვეკონტრაქტორი ფირმის ობიექტზე მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“,- აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.