მედიაჰოლდინგ „კვირას“ ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მათ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
მედიაჰოლდინგის ცნობით, ჭიათურაში სიუჟეტის მოსამზადებლად ჩასულ მათ გადამღებ ჯგუფს უცხო მანქანა აედევნა, საიდანაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები გადმოვიდნენ და ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს. მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღები ჯგუფი ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.
მედიაჰოლდინგი „კვირა“ იმედოვნებს, რომ პოლიცია მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას დროულად მოახდენს და მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – აცხადებენ მედიაჰოლდინგში.