ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდაა, რაზეც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და კომპანიის გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მოშიმშილეებთან გვიან ღამით იყო მისული „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, თუმცა გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები აღარ განახლებულა. საწარმოო პროცესი რამდენიმე მაღაროში მთლიანად შეჩერებულია.
შრომითი უსაფრთხოება, სამედიცინო სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და ხელფასების 50%-ით მატება – ასეთია გაფიცული მაღაროელები მთავარი მოთხოვნები. გაფიცულები ასევე გაცდენილი დღეების სრულ ანაზღაურებას და სამსახურიდან გათავისუფლებული თანაშრომლების დაბრუნებას ითხოვენ. მოთხოვნების დიდი ნაწილის ეტაპობრივად შესრულებაზე კომპანიამ თანხმობა გამოთქვა, თუმცა ხელფასების 50%-იან მომატებაზე კომპანიასა და მაღაროელები შორის შეთანხმება გუშინ გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა.