ჭიანჭველები დაჭრილ თანამოძმეებს კიდურების ამპუტაციას უტარებენ — #1tvმეცნიერება
ჭიანჭველები დაჭრილ თანამოძმეებს კიდურების ამპუტაციას უტარებენ — #1tvმეცნიერება

შარშან მეცნიერებმა დააფიქსირეს ჭიანჭველას სახეობა, რომელიც ანტიბიოტიკებს იყენებდა. ამჯერად კი, სხვა სახეობაში შენიშნეს, როგორ ატარებენ ამპუტაციებს.

მკვლევრებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ასეთი ქირურგიული ჩარევა და მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებსაც ჭიანჭველები ერთმანეთს უტარებენ, მართლაც განაპირობებს ჭიანჭველათა სიცოცხლის გადარჩენას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია ვიცით იმის შესახებ, რომ ჭიანჭველები ერთმანეთს ჭრილობებს მკურნალობენ, ჯერ მხოლოდ ახლა ვსწავლობთ, როგორ საოცრად კომპლექსური და ზუსტია ჭიანჭველათა სამედიცინო მზრუნველობა.

„ჭიანჭველებს შეუძლიათ ჭრილობის დიაგნოზის დასმა, იმის გარკვევა, ის ინფიცირებულია თუ სტერილური და სხვა ინდივიდთა მხრიდან ამ ჭრილობების გრძელვადიანი მკურნალობა. ერთადერთი სამედიცინო სისტემა, რომელიც მათსას კონკურენციას გაუწევს, ადამიანების არის“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგი ერიკ ფრანკი.

ფრანკმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ფლორიდული მერქანჭამია ჭიანჭველების (Camponotus floridanus) ფეხის ჭრილობები. უყურადღებობის შემთხვევაში, წვივის მსგავს ორგანოზე ჭრილობების მქონე ჭიანჭველებიდან მხოლოდ 15 პროცენტი ახერხებდა გადარჩენას.

მაგრამ თუკი ბუდის სხვა ჭიანჭველა ამ ჭრილობებს მოუვლიდა, დაჭრილ ჭიანჭველათა გადარჩენის მაჩვენებელი 75 პროცენტამდე იზრდებოდა.

წვივის ჭრილობებს ჭიანჭველები პირით ასუფთავებდნენ, რა დროსაც, მკურნალ ჭიანჭველას დასუსტებული დაზიანებული კიდური ყბებით და წინა ფეხებით ეჭირა და ჭრილობას დიდხანს ლოკავდა.

თუმცა, როდესაც მერქანჭამია ჭიანჭველები ჭრილობებს თანამოძმეთა ბარძაყებზე ხედავდნენ, ჯერ ჭრილობებს უსუფთავებდნენ, შემდეგ კი მთლიან ფეხს აჭრიდნენ — დაზიანებულ კიდურს იქამდე კბენდნენ, ვიდრე სხეულს არ მოძვრებოდა.

ამპუტაციის შემდეგ, ასეთი ჭრილობის მქონე, მაგრამ არანამკურნალევ ჭიანჭველებთან შედარებით, მათი გადარჩენის შანსი 40 პროცენტიდან 90 პროცენტამდე გაიზარდა.

ჭიანჭველები არასოდეს ახდენდნენ ამპუტაციას, თუ ჭრილობა წვივის სიახლოვეს იყო. ამიტომ, ფრანკმა და მისმა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა — ჭვივის დაზიანების მქონე ჭიანჭველას ფეხი მთლიანად მოკვეთეს და დაადგინეს, რომ მისი გადარჩენის მაჩვენებელი საერთოდ არ გაიზარდა.

„წვივის ჭრილობებში ნაკლებად იყო შეფერხებული ჰემოლიმფის მიმოქცევა, რის გამოც, ბაქტერიებს სხეულში უფრო სწრაფად უნდა შესძლებოდათ შესვლა. ბარძაყების ჭრილობების შემთხვევაში, ფეხში სისხლის მიმოქცევის ცირკულაცია ნელდებოდა“, — ამბობს ფრანკი.

თანამოძმისთვის ქირურგიული ამპუტაციის პროცედურის სრულად ჩატარებას 40 წუთი დასჭირდა.

„შესაბამისად, ვინაიდან მათ ფეხის იმდენად სწრაფად მოკვეთა არ შეუძლიათ, რათა არ მოხდეს საზიანო ბაქტერიების გავრცელება, ჭიანჭველები ლეტალური ინფექციის ალბათობის შეზღუდვას წვივის ჭრილობის დიდხანს გასუფთავებით ცდილობენ“, — განმარტავს ლოზანის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ლორენ კელერი.

ცხოველებისთვის ინფექციები ძირითადი საფრთხეა. განსაკუთრებით სოციალურ არსებებში, რომლებიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ ცხოვრობენ და იზრდება გადადების რისკი.

ცნობილია, რომ ზოგიერთ ასეთ რისკს მწერები გარკვეულწილად ამსუბუქებენ — ანადგურებენ ინფიცირებულ ბუდობას ან მთელ ბუდეს ტოვებენ, რათა იზოლაციაში მოკვდნენ.

უცნობია, როგორ წარმოიშვა ჭიანჭველებში თანამოძმეებზე სამედიცინო მზრუნველობა, რადგან ცოტაა მტკიცებულება იმისა, რომ მათ სწავლა შეუძლიათ. მკვლევართა ვარაუდით, მიუხედავად ასეთი კომპლექსურობისა, ეს ქცევა შეიძლება თანდაყოლილი იყოს, მაგრამ ექსპერიმენტების საშუალებით, ამ საკითხის გარკვევას ახლა აქტიურად ცდილობენ.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ის და ScienceAlert-ის მიხედვით.