ჭიანჭველას სახის საოცრად ახლო ხედი ამ მწერზე წარმოდგენას შეგიცვლით — #1tvმეცნიერება
ჭიანჭველა ასეთი ალბათ არასოდეს გინახავთ: ლიეტუველმა ფოტოგრაფმა ეუგენიუს კავალიაუსკასმა ამ მწერის სახე უკიდურესად ახლოდან გადაიღო.
სურათმა „გამორჩეული ფოტოს“ ნომინაციაში გაიმარჯვა კომპანია Nikon-ის 2022 წლის ფოტოკონკურსში „პატარა სამყაროს ფოტომიკროგრაფია“. ფოტოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სურათზე ასახულია ჩვეულებრივი მერქნიჭამია ჭიანჭველას, Camponotus-ის წინა ყბა და საცეცები. ეს ჭიანჭველები ბუდეს მერქანში იკეთებენ, ძირითადად ტყეებში და იკვებებიან მკვდარი მწერებით, ნექტარით და ბუგრების მიერ გამოყოფილი ცვარტკბილით.
Washington Post-ის ცნობით, ჭიანჭველას სახის ის ნაწილი, რომელიც ფოტოზე წითელ თვალებს ჰგავს, სინამდვილეში მისი საცეცების ძირებია, ყვითელი კბილების მსგავსი მახასიათებლები კი ძლიერ პატარა თმებია, რომლებსაც ჭიანჭველები მიმდებარე გარემოს შესაგრძნობად იყენებენ.
ფოტო მიკროსკოპის საშუალებით არის გადაღებული, 5-ჯერ გადიდებით, არეკლილი სინათლის მეთოდით, რამაც ჭიანჭველას სახის დეტალების ასე აღბეჭდვა გახადა შესაძლებელი.
კავალიაუსკასის განცხადებით, წარსულში ის მტაცებელი ფრინველების გადაღებით იყო გატაცებული, ახლა კი ყურადღება მწერებზე გადაიტანა. მისი სხვა ნამუშევრების ნახვა მისსავე ინსტაგრამზე შეგიძლიათ.
„ყოველთვის ვეძებ დეტალებს, ჩრდილებს და უხილავ კუთხეებს. ფოტოგრაფიის მთავარი მიზანი აღმოჩენაა“, — ამბობს კავალიაუსკასი.
კონკურსის ჟიურიმ „გამორჩეული ფოტოს“ სტატუსი კიდევ 56 სხვა სურათს მიანიჭა და მათი ნახვა ნამდვილად ღირს – შეგიძლიათ დაათვალიეროთ თაგვის ემბრიონის, პეპლის ფარფლების, დინოზავრის ძვლების მაკროფოტოები.
კონკურსის გამარჯვებული გახდა მადაგასკარული გიგანტური გეკოს (Phelsuma grandis) ემბრიონული ხელი, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, გრიგორი ტიმინმა და მიშელ მილინკოვიჩმა გადაიღეს.
თუ ფიქრობთ, რომ ასეთი კარგი ფოტოების გადაღება თქვენც შეგიძლიათ, ან უბრალოდ ცდა გსურთ, „პატარა სამყაროს“ 2023 წლის კონკურსში ნამუშევრების მიღება უკვე დაიწყო.
მომზადებულია Washington Post-ის მიხედვით.