„ჭიაკოკონობაზე“ ნარჩენების დაწვის 22 შემთხვევა გამოვლინდა, შედგა სამართალდარღვევის ორი ოქმი
„ჭიაკოკონობაზე“ ნარჩენების დაწვის 22 შემთხვევა გამოვლინდა, შედგა სამართალდარღვევის ორი ოქმი

24 აპრილს, „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ნარჩენების, მათ შორის საბურავების ღია წესით დაწვის შესახებ 22 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს.

უწყების ცნობით, 22 შეტყობინებიდან 20 მათთან 112-დან გადამისამართდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ კი ორი ოქმი შედგა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ორი შემთხვევის საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი, რათა გადაწყდეს ჯარიმის დაწესებისა და ოდენობის საკითხი.

ყველა შეტყობინება თბილისში, კერძოდ გლდანში, დიდუბე-ჩუღურეთში, საბურთალოსა და ვარკეთილში
დაფიქსირდა.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ დანარჩენ 20 შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმები არ შედგენილა, რადგან ნარჩენები რამდენიმე ადამიანმა დაწვა და შეუძლებელი იყო პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა. ამასთან, აღნიშნული პირები არასრულწლოვნები იყვნენ.

გარემოს დაცვის სამინისტრომ „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობა 23 აპრილს გააფრთხილა და განაცხადა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია და ჯარიმდება. დარღვევაზე გათვალისწინებულია 200-დან 500 ლარამდე ჯარიმა. გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.