ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-14 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა: ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
„ტორპედო“ 21-ე წუთზე დაწინაურდა: ანგარიში მერაბ გიგაურმა შორეული დარტყმით გახსნა 0:1. 34-ე წუთზე ლევან კუტალიამ ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და ქუთაისელთა უპირატესობა გაზარდა 0:2.
42-ე წუთზე სხვაობა „სამტრედიას“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა ზაურ ხაბეიშვილმა შეამცირა 1:2. თუმცა, ქუთაისელებმა მეორე ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარეს და „სამტრედიას“ კარი კიდევ ორჯერ აიღეს: 78-ე წუთზე ევგენი ბოხაშვილმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ 90+3 წუთზე ვეტერანმა გრიგოლ დოლიძემ დააფიქსირა – 1:4 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.
„ტორპედომ“ 21 ქულა დააგროვა, მაგრამ სატურნირო ცხრილში ისევ მეხუთე ადგილზეა და საჩხერის „ჩიხურას“ (22 ქულა) დაწევა ვერ მოახერხა. „სამტრედია“ კი 9 ქულის ამარაა და ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.