„ჩემი ევროპული თავგადასავალი“ - საქართველოს სკაუტებმა ევროპის დღეები 2018 გორსა და რუსთავში აღნიშნეს
„ჩემი ევროპული თავგადასავალი“, – ასე ჰქვია თამაშს, რომლითაც საქართველოს სკაუტებმა ევროპის დღეები 2018 გორსა და რუსთავში აღნიშნეს. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების ფონდის მხარდაჭერით გორში, ახალ ბაღში გაიმართა.
სკოლების მიერ წარდგენილი ჯგუფები ერთმანეთს ევროკავშირის შესახებ დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხების გაცემაში შეეჯიბრნენ. თამაშში გორისა და რუსთავის სკოლები 14-კაციანი გუნდებით მონაწილეობდნენ.
გამარჯვებისთვის გუნდს ევროკავშირის დროშის გამოსახვისთვის საჭირო ვარსკვლავების სრული რაოდენობა უნდა დაეგროვებინა. ევროპული თავგადასავალის გამარჯვებული გორის მე-11 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებულები სკაუტების ბანაკში გაემგზავრებიან.
გამარჯვებული სკაუტების დაჯილდოებას საქართველოს პარლამენტის წევრები და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ.