ჩეხმა, სლოვაკმა და უნგრელმა ფერმერებმა ჩეხეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე საპროტესტო აქცია გამართეს
ჩეხმა, სლოვაკმა და უნგრელმა ფერმერებმა ჩეხეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ევროკავშირისგან ბიუროკრატიისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ. მათი თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტი უნდა შეჩერდეს, რადგან ევროპელი ფერმერები უსამართლო კონკურენციის პირობებში იმყოფებიან და დიდ ზარალს განიცდიან. კერძოდ, საუბარია უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.
აქციის მონაწილეებმა ჩეხეთისა და სლოვაკეთის საზღვარი დროებით ტრაქტორებით გადაკეტეს. ჩეხეთის აგრარული პალატის ინფორმაციით, მხოლოდ ჩეხეთში აქციაზე 3 000 ტრაქტორი იყო განლაგებული. აქციის მონაწილეები ასევე გეგმავენ, ჩაკეტონ ჩეხეთისა და გერმანიის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტები.
ამასთან, გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ფერმერები აპირებენ, ორშაბათს კიდევ ერთხელ გამართონ საპროტესტო აქცია ბრიუსელში.